ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს სრული ინფორმაცია უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე, რადგან მისი ვიწრო გარემოცვა და უსაფრთხოების ძალები ცდილობენ, ფრონტიდან უსიამოვნო სიახლეებით პრეზიდენტი "არ გააღიზიანონ".
WSJ აცხადებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული სტატია ეყრდნობა დასავლეთის, ისევე როგორც რუსეთის ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წევრებთან, დაზვერვის თანამშრომლებთან ინტერვიუებს, ასევე კრემლთან დაახლოებულ ადამიანებს.
"ისინი დეტალურად აღწერენ იზოლირებულ ლიდერს, რომელსაც არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი დაიჯეროს, რომ უკრაინა წარმატებით გაუმკლავდება. ამ ადამიანების თქმით, პრეზიდენტმა 22 წელი გაატარა სისტემის აშენებაში, რომელიც მას არადამაიმედებელი მონაცემების დაფარვით ან შელამაზებით ასიამოვნებდა" - წერს გამოცემა.
WSJ-ის წყაროების მიხედვით, პუტინი ყოველ დილით იღებს წერილობით ანგარიშს, თუმცა ყველა მათგანში უპირველეს ყოვლისა წარმატებებს უსვამენ ხაზს, წარუმატებლობები კი არასრულფასოვნად, შელამაზებულადაა აღწერილი. გარდა ამისა, ამგვარ ანგარიშებს პუტინი, ზოგჯერ რამდენიმე დღის დაგვიანებით იღებს, ვინაიდან ამგვრი ცნობები, ვიდრე პუტინთან მოხვდება, ყოველთვის გადის FSB-ის, უშიშროების საბჭოს და პირადად მისი ხელმძღვანელის ნიკოლაი პატრუშევის მხრიდან შემოწმებებს.
ამასთანავე, პუტინმა დიდი ხნის წინ თქვა უარი ინტერნეტის გამოყენებაზე, რადგან შიშობს, რომ ციფრულ სამყაროში შესაძლოა უთვალთვალონ. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა იმ დოკუმენტებზე, რასაც მასთან საერთო იდეოლოგიის მქონე მრჩევლები აწვდიან.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელები ცდილობენ, შეინარჩუნონ ურთიერთობები რუსეთის ხელისუფლების წევრებთან, მაგრამ უფრო და უფრო რთული ხდება ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც სამყაროს პუტინისეულ ნარატივს არ იზიარებს. რომლის მიხედვითაც, "წმინდა ბრძოლებით", პუტინი ისტორიის შეცდომებს გამოასწორებს და რუსეთი "პირვანდელ დიდებას აღიდგენს".
WSJ-ის თქმით, ბოლო პერიოდში პუტინის მხრიდან ომის რეალური სურათისადმი ინტერესი ოდნავ გაიზარდა, თუმცა ის კვლავ გარშემორტყმულია ადმინისტრაციით, რომელიც არწმუნებს, რომ ყველანაირი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგების მიუხედავად რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს.
„პუტინის გარშემო მყოფი ადამიანები საკუთარ თავს იცავენ. მათ ღრმად სწამთ, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაანაწყენონ“ - აცხადებს ეკატერინა ვინოკუროვა, ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოფილი წევრი, WSJ-თა ინტერვიუში.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი კი ამ ცნობებს სპეკულაციას უწოდებს.
„პრეზიდენტს, როგორც ადრე, აქვს ინფორმაციის მიღების რამდენიმე წყარო. ნებისმიერი ბრალდება, თითქოს ის [პუტინი] იღებს დამახინჯებულ ინფორმაციას, არაა სიმართლე“ - აცხადებს პესკოვი.
აპრილში აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს, CIA-ის ხელმძღვანელის ბილ ბერნსმა განაცხადა, რომ პუტინის „მრჩევლების წრე დავიწროვდა და ამ ვიწრო წრეში არასდროს ყოფილა კარიერისთვის სასარგებლო მისი [პუტინის] განსჯაში ან რუსეთის გავლენის აღდგენის შესახებ მის თითქმის მისტიკურ რწმენაში, ეჭვის შეტანა“.
პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მისი მტკიცე მიზანი კვლავ უკრაინის "დაჩოქებაა" და მზადაა, წარმატების მისაღწევად რუსეთის ეკონომიკისა და ადამიანური რესურსების რამდენიმე წლის განმავლობაში მობილიზებისთვის.
გამოცემა ასევე წერს, რომ ომამდე რუსეთისადმი განწყობების შესახებ უკრაინის შიგნიდან პუტინი ინფორმაციას კრემლთან დაკავშირებულ ბიზნესმენისა და მისი შვილის ნათლიისგან, ვიქტორ მედვედჩუკისგან იღებდა.
WSJ-ს კრემლთან დაახლოებული 2 წყარო უყვება, რომ მედვედჩუკი არწმუნებდა პუტინს, რომ უკრაინელები საკუთარ თავს რუსებად აღიქვამდნენ და ოკუპანტ სამხედროებს ყვავილებით დახვდებოდნენ.
მედვედჩუკი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში დააპატიმრეს და სექტემბერში ტყვეების გაცვლილს შედეგად რუსეთში დაბრუნდა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი კი აცხადებს, რომ FSB-ს შესწორებები შეჰქონდა გამოკითხვების შედეგად მიღებულ მონაცემებში, რომ უკრაინელები სიხარულით შეხვდებოდნენ რუს სამხედროებს.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირი გამოცემას იმასაც უყვება, რომ უკრაინაში ომის დაგეგმვას ჯარზე მეტად FSB უძღვებოდა და ამ გეგმებზე პუტინის სპიკერს დმიტრი პესკოვს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, გენშტაბის უფროსს ანტონ ვაინოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სერგეი კირიენკოს ინფორმაცია არ ჰქონიათ.